მოსწავლეთა კონფერენციები


ჰარმონიული მსოფლხედვა და მიწიერი სამყაროს ბუნებრივი წესრიგი შოთა რუსთაველის პოემაში „ვეფხისტყაოსანი“

მომხსენებელი: მე–10 კლასის მოსწავლე გიორგი კაპანაძე
2018.02.20
            
             შოთა რუსთაველის პოემაში, ვეფხისტყაოსანი“, თხრობა იწყება ჰარმონიის სურათის გამოკვეთით. ამ ღვთისგან კურთხეულ ჰარმონიას არ არღვევს ის, რომ არაბეთის მონარქი, როსტევანი, პრობლემატურ ნაბიჯს დგამს - ქალს ამეფებს.პოემაში წარმოსახულ არაბეთის სამეფოში ტახტზე ასვლის დელიკატური საკითხი წყდება ბუნებრივად, უმტკივნეულოდ, ისე, თითქოს განსაკუთრებული, საგანგებო არაფერი ხდება.
            ვეზირებთან თათბირისას მეფის გაწონასწორებული განსჯა მისი ჰარმონიული მსოფლხედვის გაცხადებად წარმოდგება. როსტევანისთვის მიწიერი სამყარო ადამიანის მშვენიერი და მიმზიდველი სამყოფელია. მშვენიერი მიწიერი სამყაროს ბუნებრივი, გონივრული წესრიგის გამოხატულებაა, რომ მისი ბინადრები კანონზომიერად ცვლიან ერთმანეთს - სიბერეზე, სიკვდილზე მსჯელობისას არ ხდება ამ მოვლენათა დრამატიზება, რადგან ეს ბუნებრივი მოვლენებია და ამას ბუნების სამყაროდან ნასესხები სახეები უსვამს ხაზს:
„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
                                     იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.
            სიბერესა და სიკვდილზე როსტევანის საუბარში ტკივილიც იგრძნობა, მაგრამ იგი განელებულია სამყაროს საიმედო წესრიგის ნათელი აღქმით. ეს წესრიგი, ჰარმონია დაუშვებელია, დაირღვეს, მას რაიმე ზადი გაუჩნდეს:
„რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?“
ამ სიტყვებში ჩანს, რომ სამყარო სრულყოფილი ჰარმონიის სამკვიდრებელია. პოემაში ვეზირთა განსჯა ისეა წარმართული, რომ ცხადი გახდეს - მათ თითონაც, მეფისგან დამოუკიდებლადაც, უფიქრიათ თინათინის გამეფებაზე. ამ ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ, არ არიან მეფის ბრმად მორჩილი მონები და ეს საგრძნობს ხდის როსტევანის სამეფოს არადამთრგუნველ, რბილ ატმოსფეროს, ჰარმონიას. ვეზირთა მსჯელობაშიც, ისევე, როგორც როსტევანის განსჯაში, აზრის დასასაბუთებლად ბუნების სფეროა მოშველებული:
„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
              ბუნების წესრიგზე, ბუნებაში განფენილ სიბრძნესა და ჭეშმარიტებაზე, როგორც ადამიანისთვის მოცემულ ნიმუშზე, ამყარებს თინათინისადმი მიმართულ შეგონებებს მეფე როსტევანი:
„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი! - ზღვათაცა შესდის და გაედინების“.
                არაბეთში ადამიანთა ცხოვრება ბუნებაში გამოვლენილ გონივრულ და კეთილმყოფელ კანონზომიერებაზეა ორიენტირებული. ადამიანური არსებობის საფუძვლად ბუნებრიობა და გონიერებაა დასახული, ამიტომ ამ ქვეყანაში სრული ჰარმონია სუფევს და არა - დესპოტიზმი.
               არაბეთის სამეფოს ჰარმონიულ ატმოსფეროს ყველაზე მეტად ის გამოხატავს, რომ აქ მეფესთან ურთიერთობაში შესაძლებელია იუმორის გამოყენება. სოგრატი და ავთანდილი როსტევანს ხუმრობას რომ უბედავენ, ეს მათი გარკვეული თავისუფლების, მეფის შიშით დაუთრგუნველობის ნიშანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეფის შიში და რიდი მათ საერთოდ არა აქვთ, - ისინი როსტევანთან შეხუმრებას იმდენად ბედავენ, რამდენადაც თვით როსტევანი აძლევთ ამის ნებას. არაბეთისაგან განსხვავებით, იუმორის ადგილი არ არის ინდოეთის სამეფოში. სრულიად გამორიცხულია იუმორი ტარიელისა და ფარსადანის ურთიერთობაში.
              პოემაში ნადირობის ეპიზოდი, ისევე, როგორც თინათინის გამეფების სურათი, უშფოთველ და ჰარმონიულ, ლაღ არსებობას წარმოგვიდგენს. ამ ეპიზოდშიც არავითარი კონფლიქტი თავს არ იჩენს, თუმცა მისი თემა სწორედ „დაპირისპირება“, როსტევანისა და ავთანდილის შეჯიბრია. ის ჰუმანური ატმოსფერო, რომელიც არაბეთის სამეფოში სუფევს და რომელიც თინათინის ტახტზე ასვლისას იგრძნობა, აქაც კვლავ საგრძნობია.
როსტევანის ქვეშევრდომებს არ აშინებთ მისთვის სიმართლის საკმაოდ თქმა იმის შესახებ, რომ ავთანდილმა მეფე შეჯიბრში დაამარცხა:
„მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით““.
           ავთანდილისა და როსტევანის დამოკიდებულება აქაც შეუბოჭავია, მეგობრულად თბილი და შეთამაშებულია:
„ერთმანერთსა, თუ: „მე გჯობო“, სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს“
            ნადირობის ეპიზოდში გამოსჭვივის პერსონაჟთა თავდაჯერებული ძლიერება, სიცოცხლის ხალისი, წარმოჩნდება გონიერი და ჰუმანური ადამიანების მყარი ურთიერთობა, მათი უნარი, დაუძაბავად და თამაშ-თამაშით მოაგვარონ პრობლემები. ერთგვარი ხინჯი, რომელიც არაბეთის სამეფოს ჰარმონიულ არსებობას ახლდა, იყო როსტევანის წუხილი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების გამო, მაგრამ ეს ქრება. ეს არის ავთანდილის პირველი გამოცდა, რომელსაც ის იოლად აბარებს, თუმცა უცნობი რაინდის გამოჩენა არაბეთის სამეფოს ჰარმონიულობას არღვევს.
            „ვეფხისტყაოსანში“ ჰუმანურობა შერწყმულია სიკეთის გაღებასთან, სიუხვესთან, რომელსაც მეფეს ბუნების წესრიგი ჩააგონებს. ეს არამარტო თავისთავად არის კეთილშობილური, მომხიბვლელი, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც ხელსაყრელია, რადგან ადამიანების გულის მონადირების ეფექტიანი საშუალებაა. სიკეთის გაღება ქვეშევრდომთა მიმართ მათ მიერ საპასუხო სიკეთის გაღებით ნაზღაურდება.
             ჰუმანურობის კარნახით, როსტევანი მმართველობას, პირველ რიგში, აფუძნებს წყალობაზე და არა - ძალაზე, რაც გულისხმობს, რომ ადამიანები ნებით უნდა დაემორჩილონ ხელისუფლებას და არა - შიშით. ასეთი მორჩილება საიმედო და მყარია.
ეს, თავისთავად, ბუნებრივი წესრიგია, რაც სრულ ჰარმონიას ქმნის სახელმწიფოში. ასე რომ, თავის პრაქტიკულ მიზნებს ყველაზე უკეთესად მეფე მაშინ აღწევს, როცა მოწყალე და კეთილგანწყობილია ადამიანებისადმი. როსტევანის დარიგებაში:
„რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!“
              პირდაპირ მატერიალურ ფასეულობათა გაღებაზეა, მაგრამ იგი მთლიანი ნაწარმოების აზრობრივ კონტექსტში უფრო ღრმა და უფრო ფართო მნიშვნელობითაც იტვირთება: ადამიანის ნამდვილი სიმდიდრე, მისი მხსნელი ძალა ის სიკეთეა, რომლითაც სხვებს დაეხმარება და სიკეთის სახით თვითონვე დაუბრუნდება. მიწიერი სამყაროს ეს ბუნებრივი წესრიგია ტარიელის ხსნის საფუძველი, რაც წინაპირობა აღმოჩნდება იმისა, რომ მან, ტანჯვისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩავარდნილმა, სამყაროსა და ადამიანებისაგან გაუცხოებულმა, მთლიანად თავის თავში ჩაძირულმა, სულიერად შერყეულმა, მაინც შეძლო სხვა ადამიანის ხმის გაგონება, მისი ტანჯვის განცდა, მისი მისწრაფების გაზიარება, შეძლო სხვისი ბედნიერებისთვის მსხვერპლგაღება. ანუ მან გამოუვალ მდგომარეობასა და ტანჯვაში შეინარჩუნა მოყვასის სიყვარულის, სიკეთის ქმნის უნარი, გულისხმიერება.
              ტარიელს ეშველება იმიტომ, რომ სხვას შველის. მას არ დაუკარგავს თანაზიარობის ნიჭი. ტარიელმა დაიმსახურა ხსნა, ბედნიერება იმით, რომ დაამტკიცა თავისი ზნეობრივი სრულფასოვნება, რომ ტანჯვამ გული ვერ გაუქვავა. ის თავის თავში პოულობს ძალას, რათა სხვა ადამიანთან ჭეშმარიტი კომუნიკაცია დაამყაროს, გული გაუხსნას მას, გაარღვიოს თავისი მარტოობის, იზოლირების ჩაკირული გარსი. მისი მარტოობის სიღრმეში აღმოცენდა ჭეშმარიტი ადამიანური სიახლოვის მოთხოვნილება.
რუსთაველის მხატვრული თვალთახედვით, ადამიანის ხსნა თანაზიარობისა და სხვისი შველის უნარშია. თანაზიარობის, სხვისი შველის შემძლეობა რუსთაველისთვის ადამიანთა შეფასების ერთ-ერთი მთავარი საზომია. ამ საზომით მკაცრ შენოწმებას უძლებს არამარტო ავთანდილი, არამედ ტარიელიც, რომლის მიერ გამომჟღავნებული სხვისი ტკივილის გაზიარებისა და სხვისი ბედნიერებისათვის მსხვერპლგაღების უნარი, ჭეშმარიტ ადამიანურ კომუნიკაციაში მონაწილეობის ძალა განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან პოემაში ის ნესტანთან ერთად ყველაზე ტანჯული და ადამიანებისაგან განაპირებულია.
               თანაზიარობა, ანუ სხვისი შინაგანი სამყაროს გაგება, სხვისთვის მსხვერპლგაღება - ამგვარი თვალთახედვა ქრისტიანობის ნიადაგს ემყარება, საიდანაც რუსთაველის მსოფლხედვაა ამოზრდილი.
მიწიერი სამყაროს ბუნებრივი წესრიგის გამოვლენაა ჭეშმარიტება, რომ ადამიანის ერთადერთი ხსნა სხვა ადამიანებთან სიღრმისეული კავშირია, თანაზიარობაა, ეს ჭეშმარიტება კი ქართული კულტურის ყველაზე ფასეული მონაპოვარია.
მარტოხელა ადამიანს ხსნა არ უწერია არც სოციალურად და არც - სულიერად.
პიროვნებათა ნამდვილი ერთობის უპირველესი პირობაა ინდივიდუალიზმის დაძლევა - „საკუთარი თავიდან გასვლა“. ტარიელმა გაამჟღავნა თავისი საიდუმლო და გაეხსნა სხვას - ავთანდილს. პიროვნებათა ერთობას ქმნის ჩუქება და გაცემა. ჩვენ ვფლობთ მხოლოდ იმას, რასაც სხვას ვაძლევთ:
„რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“.
                რუსთველოლოგიური გაგებით, გაცემა არ ნიშნავს ქონების შემცირებას:
„უხვად გასცემდი! - ზღვათაცა შესდის და გაედინების“.
             პოემის გმირები ერთმანეთს უძღვნიან არამარტო მატერიალურ ფასეულობებს, არამედ საკუთარ სულს, გრძნობებს, ენერგიას, სიცოცხლეს... ერთმანეთს ჩუქნიან სიხარულსა და ნუგეშს.
            როდესაც უცნობი რაინდის გამოჩენა არაბეთის სამეფოს ყოფაში მკვეთრ დისონანსს შეიტანს და თვით როსტევანს სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, ის განსაკუთრებული ძალით მოინატრებს თავის ყველაზე საყვარელ ადამიანს, თინათინს, მასთან ეძებს ნუგეშს. როსტევანს თინათინი ისევე ევლინება მხსნელად, როგორც შემდგომ ტარიელს - ავთანდილი.
            მიწიერი სამყაროს ბუნებრივ წესრიგს ეხმიანება არა ტანჯვაში დანთქმა, არამედ ტანჯვის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის პრაქტიკული ცდა, გამოსავლის პრაქტიკული ძიება, რაც წინაპირობაა ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნისა.
როსტევანის თვალსაზრისს, რომ ღმერთს შეიძლება არ სურს მისი ბედნიერება, თინათინი პრინციპულად განსხვავებულ თვალსაზრისს უპირისპირებს:
„ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“
             თინათინის აზრით, ტრაგიზმი აქტიურობით უნდა დაიძლიოს:
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.
ბუნების კანონზომიერების დაურღვევლობა ნათლად ჩანს თინათინის შეხედულებაში, რომ სიკეთისა და ბუნების ჰარმონიულობის შემოქმედი ღმერთი ბოროტებას არ ქმნის. ის არ გასწირავს ადამიანს, რომელიც სიმდაბლიდან და უსულობიდან აამაღლა და მას ღირსება მიანიჭა:
„იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა“.
               ასეთივე კანონზომიერება იგრძნობა გიორგი მერჩულის თხზულებაში, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, როდესაც ნეტარი საბა კურაპალატს შეახსენებს, რომ ქრისტე მარადიულია, არსებობს და იარსებებს უცვლელად: „ქრისტე საუკუნოჲ მეუფეა და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ“. აქ ჩანს სამყაროს ბუნებრივი წესრიგის დაურღვევლობა.
              თხზულებაში ასევე იგრძნობა ჰარმონია სასულიერო და საერო პირებს შორის. აღსანიშნავია გაბრიელ დაფანჩულის სიტყვები:
„აწ ჩვენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესე შევზავნეთ ურთიერთას“.
              შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი საკითხი ყველა დროში აქტუალურია.
პოემაში, „ვეფხისტყაოსანი“, ნათლად ჩანს, რომ სამყარო ჰარმონიული და დიდებულია, რომ მასში არსებობს გასაოცარი კანონზომიერება, დაურღვეველი და მარადიული, რომელიც სიკეთეზეა დაფუძნებული:
„ბოროტსა სძლია კეთილმან...რადგან ჟამიერი ვერასდროს სძლევს მარადიულს.




No comments:

Post a Comment